რატომ მყარდება ან უფასურდება ლარი? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

ვალუტის კურსი

რატომ მყარდება ან უფასურდება ლარი?

...

ლარის ღირებულებას სხვა ვალუტებთან მიმართებით ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. კურსის ცვლილების მიზეზები შესაძლოა დამოკიდებული იყოს როგორც საგარეო, ასევე შიდა მიზეზებზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე, ფულად გზავნილებზე და მათ შორის პანდემიაზეც კი, თუმცა სანამ უშუალოდ ამ მიზეზებს შევეხებით, ჯერ კარგად განვმარტოთ, თუ რატომ იცვლება ლარის კურსი ყოველდღიურად.

ვალუტის კურსზე საუბრისას პირველ რიგში ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლარი, დოლარი, ევრო და ნებისმიერი სხვა ვალუტა ისეთივე პროდუქტია, როგორიც პომიდორი, ტელევიზორი და ელექტროენერგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვალუტის ფასიც ჩვეულებრივ მოთხოვნასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული. თუ ქვეყანა ზაფხულში პომიდვრის ჭარბ მოსავალს მიიღებს, დიდი ალბათობით, პომიდორი გაიაფდება, ხოლო თუ ყველა ერთბაშად ტელევიზორის ყიდვას მოვინდომებთ, ტელევიზორები გაძვირდება. ასევეა ვალუტის კურსიც - როცა ბაზარზე დიდი რაოდენობით დოლარი გაჩნდება, მისი ფასიც (ლარებში) შემცირდება, ხოლო, რაც უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს დოლარის ყიდვას, უფრო გაიზრდება მისი ფასიც.

ვალუტაზე მოთხოვნის ზრდისას მისი ფასი იზრდება, შემცირებისას კი იკლებს, ხოლო, რაც შეეხება მიწოდებას, მიწოდების კლებისას ფასი იზრდება, ზრდისას კი მცირდება.

თუმცა ყველა ქვეყანაში ასე არ არის. როგორც ცნობილია, სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტის მიმოცვლის სხვადასხვა რეჟიმი არსებობს. მაგალითად, საქართველოში მოქმედებს მცურავი რეჟიმი, რაც ვალუტის ღირებულების თავისუფალ ბაზარზე მინდობასა და სახელმწიფოსგან მინიმალურ ჩარევას გულისხმობს. საქართველოსგან განსხვავებით საუდის არაბეთში ფიქსირებული კურსი მოქმედებს და ერთი რიალის ღირებულება ყოველთვის 0.27 დოლარია. ეს დაახლოებით ისეთი რამ არის, პომიდვრის ფასი ფიქსირებული რომ იყოს და სულ ლარ-ნახევრად იყიდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, უხვმოსავლიან პერიოდში მყიდველს უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ცუდი მოსავლის დროს კი გამყიდველი იძულებული იქნება, ძვირადღირებული პროდუქტი უფრო იაფად გაყიდოს - ან საერთოდაც არ გაყიდოს. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე ჯანსაღი გზა მცურავი კურსია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვეყანას განსაკუთრებული რესურსები და მარაგები არ გააჩნია.

მარტივად რომ ვთქვათ, ლარზე მოთხოვნა არის ლარის ყიდვის, ხოლო მიწოდება გაყიდვის სურვილი.

ურსის დადგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ვაჭრობა. თუ გსურთ საქართველოში პროდუქტის შეძენა, ამისათვის ლარის გამოყენება აუცილებელია. შესაბამისად ნებისმიერ პირს, იქნება ეს უცხოელი ტურისტი, ინვესტორი თუ დოლარებიანი მუთაქის პატრონი, საქართველოში ნივთის შესაძენად უცხოური ვალუტის გაყიდვა და ლარის შეძენა მოუწევს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფულადი გზავნილებზეც. თუ თქვენ მიიღებთ უცხოეთიდან გამოგზავნილ ფულს, საქართველოში ნებისმიერი რამის შესაძენად ლარის შეძენა მოგიწევთ. ყველა ეს პირი ჯამში ადგენს ლარის მოთხოვნას.

ეკონომიკაში უცხოური ვალუტის შემოსვლა პირდაპირ აისახება კურსზე, იქნება ეს ფულადი გზავნილი, ინვესტიცია, საგარეო ვალი თუ ტურისტის დახარჯული ფული.

გარდა ამისა კურსზე ლარის გაყიდვის მსურველებიც მოქმედებენ, რაც უფრო მეტი ადამიანი შეიძენს უცხოურ პროდუქტს, უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, შესაბამისად, საქართველოდან ფულის გაგზავნა, უცხოური პროდუქციისა და ვალუტის ყიდვით ლარის ღირებულება სხვა ვალუტებთან შედარებით მცირდება, ხოლო შესყიდული ვალუტის ღირებულება იზრდება.

ვალუტის კურსზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება თუ როგორი მოლოდინები აქვთ ბაზრის მოთამაშეებს.

 ბაზრის მოთამაშეები დანაზოგის გაკეთებისას ან თამასუქის ყიდვისას აუცილებლად ითვალისწინებს დაკავშირებულ მოლოდინებს. მაშინ, როცა ვალუტის კურსის მიმართ სანდოობა დიდია, მის მიმართ მოთხოვნაც მაღალია - ასეთ დროს უფრო და უფო მეტი ადამიანი ხსნის დეპოზიტს და ყიდულობს თამასუქს, შესაბამისად ვალუტის კურსიც მყარდება.

თუ პომიდორი ფერმერებს მოჰყავთ და ტელევიზორებს სხვადასხვა კომპანია ამზადებს, ვალუტის შემთხვევაში ფულის „წარმოებაზე“ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. ეროვნულ ბანკში ლარის კურსს ყოველდღე ადევნებენ თვალს და ყოველდღიური ვაჭრობის შემდეგ აქვეყნებენ შემდეგი დღის კურსს. ამ კურსით ეროვნული ბანკი მსხვილ ფინანსურ ერთეულებთან - ბანკებთან, მისოებთან და სხვა სავალუტო ობიექტებთან ვაჭრობს, რომლებიც შემდგომ უშუალოდ მომხმარებლებზე გადიან.

ასეთ დროს მომხმარებლისთვის მთავარია, იპოვოს ისეთი მომწოდებელი, რომელიც საუკეთესო ფასად შესთავაზებს სასურველ პროდუქტს - სასურველ ვალუტას. რიკო ექსპრესი სწორედ ეს კომპანიაა. უკვე მრავალი წელია, რაც რიკო ექსპრესი ვალუტის საუკეთესო კურსთან ასოცირდება. ჩვენს მომხმარებლებს კი საშუალება აქვთ, მიიღონ საუკეთესო ფასი როგორც ვალუტის ხელზე დახურდავებისას, ასევე ფულადი გზავნილების კონვერტაციისას.

Other articles Full archive