როგორ ამოვიცნოთ ყალბი ოქრო სახლის პირობებში | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

ოქროს შემოწმება

როგორ ამოვიცნოთ ყალბი ოქრო სახლის პირობებში

...

ოქროს, ნებისმიერი სხვა ლითონისგან განსხვავებით, მსოფლიოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ათასწლეულების განმავლობაში ოქრო ამშვენებდა მეფეთა გვირგვინებს, ტაძრებსა და სასახლეებს, იყო საერთაშორისო ვალუტა და ოქრო დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ ლითონად, რომელიც იქცა სიმდიდრის და ძალაუფლების მარადიულ სიმბოლოდ.

გამორჩეული მახასიათებლების მიუხედავად, ხშირია ოქროს ფალსიფიკაციის შემთხვევებიც. ოქროულობას ხშირად დაბალი ხარისხის ოქროსგან ან მისი შემცველისგან ამზადებენ. ასეთი ნივთების ამოცნობა ერთი შეხედვით ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ძვირფასეულობას, არაოფიციალურ მაღაზიაში, “ფლი მარკეტზე”ან სხვა არასტანდარტულ ვითარებაში ყიდულობთ. ასეთ დროს შესაძლებელია, ნივთს საერთოდ არ ეწეროს ოქროს სინჯი და არც პროფესიონალური ტესტის ჩატარების საშუალება მოგეცეთ. სწორედ ამ დროს გამოგადგებათ რჩევები, რომლებსაც ამ ბლოგში წარმოგიდგენთ და რომლებიც ოქროს შეფასების ნამდვილ ექსპერტად გაქცევთ.

#1 შეამოწმეთ ლაქები

პირველ რიგში, ნივთის შეძენისას, აუცილებლად შეამოწმეთ მისი ზედაპირი. ოქროსგან განსხვავებით, შემცვლელ მეტალებს შავი და მწვანე ლაქები ახასიათებს. ასე რომ, შეძენისას ნივთი საგულდაგულოდ გაწმინდეთ და კარგად დააკვირდით. ასეთი წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, დარწმუნდებით, რომ ოქროს მაგივრად, იაფასიან ბიჟუტერიასთან გვაქვს საქმე. ზედაპირის დათვალიერებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუთხეებს და გვერდებს, მსგავსი ლაქები ძირითადად კიდეებში ჩნდება.

#2 ოქროს ნაკბეჩი

რაც არ უნდა უცნაურად და არაჰიგიენურად ჟღერდეს, ოქროს გარჩევის ერთ-ერთი უძველესი ხერხი კბილებით გასინჯვაა. როგორც წესი, ყალბი ლითონი კბენისას არ იდრიკება, ოქრო კი საკმაოდ რბილი და დრეკადი ნივთიერებაა, ასე რომ, სუფთა ოქრო მარტივად იზნიქება და პატარა ფოსო უჩნდება. გასინჯვის შემდეგ ნივთი შესაძლოა ცოტათი შეილახოს, ჰიგიენის ნორმებსაც დაირღვეს, მაგრამ დანამდვილებით გვეცოდინება გვატყუებს თუ არა გამყიდველი.

#3 ყურადღება მიაქციეთ მასას და სიმკვრივეს

ცნობილია, რომ ოქრო სხვა ლითონებთან შედარებით გაცილებით მძიმეა, რაც ისეთ პატარა ნივთებშიც იგრძნობა, როგორიც ბეჭედი და სამაჯურია. გასათვალისწინებელია ნივთის სიმკვრივეც. გახსოვთ როგორ გამოააშკარავა არქიმედემ ყალბი გვირგვინის გამკეთებელი ოსტატი? გადმოცემის თანახმად, ბერძენმა სწავლულმა კარგად იცოდა, რომ ნებისმიერი ნივთის სიმკვრივე არის მასა შეფარდებული მოცულობასთან (ρ=m/V). არქიმედემ ჯერ გვირგვინის წონა გაიგო, შემდეგ ის წყლით სავსე ჭურჭელში ჩადო და ჯამიდან გადმოსული წყლის მოცულობა გაზომა, ბოლოს მიღებული მოცულობა წონაზე შეაფარდა და თაღლითი ოსტატიც მარტივად გამოააშკარავა. 

ოქროს სიმკვრივე 19,3 გრ/სმ3-ია, ასე რომ, თუ არქიმედეს ექსპერიმენტს გაიმეორებთ, სუფთა ოქროს შემთხვევაში პასუხად აუცილებლად 19,3 გრ/სმ3 უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ მეთოდით ნებისმიერი ნივთიერების შემოწმება შეიძლება.

#4 შეამოწმეთ ცეცხლით

არქიმედეს ექსპერიმენტისგან განსხვავებით ცეცხლით შემოწმება გაცილებით მარტივი და სწრაფი პროცედურაა. ტესტის ჩატარება სანთებელითაც კი არის შესაძლებელი. ამისთვის მთავარია ოქროს ნივთი ერთი ან ორი წუთის განმავლობაში მიუშვიროთ ცეცხლს. ასეთ დროს ყალბი სამკაულები შავდება, იმურება და შესაძლოა უსიამოვნო სუნიც აუვიდეს, ხოლო ოქრო არავითარ შემთხვევაში არ დაისვრება, გახურებისას შესაძლოა გაწითლდეს, მაგრამ გაგრილების შემდეგ ისევ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.

#5 შეამოწმეთ მაგნიტით

ოქროს ნამდვილობის შემოწმების კიდევ ერთ გზას, მაგნიტის ტესტია. მიუხედავად იმისა, რომ ოქრო მაგნიტურ ველზე არ რეაგირებს, ხშირად ფალსიფიკატორები ოქროს შემცვლელად ან შენადრობად მაგნიტით მიზიდვად ლითონებს იყენებენ. ასეთი ლითონების აღმოჩენა ძალიან მარტივია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მაგნიტის ტესტის წარმატებით ჩაბარება ოქროს ხარისხის უტყუარ მტკიცებულებად არ გამოდგება. 

საბოლოოდ თუ ნივთმა ზემოთხსენებული ყველა ტესტი წარმატებით ჩააბარა, დიდი ალბათობით ეს ნივთი ოქროსია. ახლა გასარკვევი ის არის, თუ რამდენ კარატიანი, ანუ რა ხარისხის ოქროა. სწორედ სუფთა ოქროს შემცველობაზეა დამოკიდებული ნივთის ფასიც. როგორც წესი, რაც უფრო ხარისხიანია ოქრო, მით უფრო მუქი ფერი აქვს, თუმცა შემოწმების ამ ეტაპზე ტრადიციული ხერხების მაგივრად, სჯობს საქმე პროფესიონალებს მივანდოთ, რომლებიც რამდენიმე წუთში დაადგენენ ოქროს ხარისხს, და ზუსტ შემცველობას.

 

სხვა სტატიები სრული არქივი